სიძულვილის ენა და კორუფცია
დილის 6 საათია. ჩასხდომის დრო ძალიან მალე უნდა დაიწყოს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მგზავრი ისევ ელოდება რიგს, რომ ბარგი აიღონ და მომდევნო პასპორტის კონტროლზე გადავიდნენ. ქალი მაღალ ქუსლებზე, რომელსაც კრემისფერი ხავერდის ქურთუკი აცვია, შემოდის მოლდავეთის აეროპორტის პატარა დარბაზში. იქ ვერ დაიკარგები, აეროპორტი იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად შეგიძლია დაინახო შენობის მეორე ბოლო. იგი მოდის, თან მოაგორებს თანამედროვე ჩემოდანს. და იმის ნაცვლად, რომ დადგეს რიგში, რომელიც უკვე საკმაოდ შემცირდა, ის წინ მიდის, გამარჯვებულივით. წყვილი, რომელიც მის წინ იდგა, გაკვირვებულია. „იქნებ ჩვენ უხილავები ვართ“, - ამბობს ბიჭი, - „როგორც ჩანს, ქალბატონი ვერ გვამჩნევს“. ის კი მოკლედ პასუხობს, სახეზე შენარჩუნებული გამარჯვებულის გამომეტყველებით: - „მე ლოდინის დრო არ მაქვს. მე არასდროს ველოდები.“
 
შემდეგ გაჩერებაზე, სადაც უნდა გავიაროთ პასპორტის კონტროლი, მუშაობს სამი სარეგისტრაციო მაგიდა. საბედნიეროდ „ლოდინის დრო არ მაქვს“ ქალბატონი რიგში ჩემს შემდეგაა. ერთმანეთს ვეჯიბრებით. ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვამ. მამაკაცმა დაასრულა რეგისტრაცია, აიღო პასპორტი და შემდეგი უსაფრთხოების კონტროლის მიმართულებით წავიდა. ახლა ჩემი რიგია. ქალბატონი ისევ წინ მიიწევს და ინარჩუნებს გამარჯვებულის განწყობას. მაგრამ იმის გამო, რომ სარეგისტრაციო მაგიდა ჩემთან უფრო ახლოს იყო, დანიშნულების პუნქტთან პირველი მივდივარ. მან გაბრაზებით შემომხედა, შეფიქრიანდა და მომაძახა: - „ძალიან ჩქარობთ, მოცდა არ შეგიძლიათ?“. სანამ მესაზღვრეები ჩვენს პასპორტებს ამოწმებდნენ, ჩვენ ხმამაღლა ვკამათობდით. როგორც კი ჩემი პასპორტი მივიღე, სწრაფად წავედი. მაგრამ ქალბატონი გამომყვა და აგრძელებდა საუბარს. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. და მე ვუთხარი: - „კარგით, ახლა მე თქვენ უბრალოდ გადაგიღებთ, ქალბატონო“.
 
მან მიპასუხა: - „მე თქვენ გიჩივლებთ! მე გავიმარჯვებ! ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. და არც ჩემი პირველი გამარჯვება. მე ყოველთვის ვიმარჯვებ!“
 
- თქვენ ყოველთვის უჩივით ადამიანებს როცა ლოდინის დრო არ გაქვთ?
- ვერავინ ბედავს მე გზა გადამიჭრას.
- ვფიქრობ, თქვენ უნდა იცნობდეთ ბევრ მოსამართლეს.
- ნამდვილად!
- სწორედ ამიტომ იმარჯვებთ ყოველთვის.
- დარწმუნებული იყავით ამაში!
- დიახ, ვარ. მე არ მძინავს მოსამართლეებთან საქმის მოსაგებად, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებული თქვენ იქნებით.
 
ის კიდევ უფრო გაბრაზდა. ჩვენ ვკამათობდით მანამ სანამ არ გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი. ძალიან უცნაური იყო რომ დაცვის თანამშრომლები იყვნენ ჩუმად. ვგულისხმობ იმას, რომ საზღვარზე ორი მგზავრი ერთმანეთს ეკამათება და ჩანს, თითქოს არავის სურს მათი შეწუხება.
 
სასაცილო ის არის, რომ თვითმფრინავი ადრე არ გაფრინდება, რაც უნდა იყოს, ჩვენ ყველანი ერთი თვითმფრინავით გავემგზავრებით და ყველანი ერთად ჩავალთ.
 
რატომღაც საფრთხის განცდა დამეუფლა. ვფიქრობდი: რატომ იქცევა ასე ეს ქალი? რა აძლევს მას ამ ძალას? ეს ხომ სხვა ადამიანებისადმი უდიდესი უპატივცემულობაა. ეს წამლავს ყველაფერს თქვენს გარშემო. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც ყვავის კორუფცია. დღითიდღე იგი ძლიერდება და ძლიერდება. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის ცხოვრების ყველა ასპექტში, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოში. 
 
ასე რომ, როდესაც ვინმე ასე დარწმუნებულია საქმის მოგებაში და ამით სხვებსაც ემუქრება, აშკარაა, რომ იქმნება სისტემური კორუფციის სიტუაცია. თუ თქვენ იცნობთ შესაბამის ადამიანებს, თქვენ შესანიშნავად იქნებით. ასე მუშაობს ყველაფერი მოლდოვაში.
 
მე არ ვიცნობდი არავის, როდესაც ვუჩივლე მიჰაი ემინესკუს ნაციონალურ თეატრს კიშინოვში. მე გამთავისუფლეს, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ძლივს მოვასწარი რაღაცის გარკვევა. ერთი რამ, რაც დაზუსტებიც ვიცოდი, იყო ის რომ სრულიად უკანონოდ გამათავისუფლეს. მე დავუპირისპირდი არა მხოლოდ ნაციონალური თეატრის დირექტორს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მასთან მუშაობდა. არავინ მესაუბრებოდა. მსახიობი ქალბატონი, რომელსაც შევთავაზე წარმოდგენაში ერთად გვეთამაშა, მომიახლოვდა მხოლოდ იმისთვის, რომ გაეგებინებინა - ის ჩემთან აღარასდროს იმუშავებდა.  
 
ჩემმა არცერთმა კოლეგამ მხარი არ დამიჭირა, სამაგიეროდ, იყვნენ კოლეგები, რომლებმაც ჩემს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. მესმოდა სიძულვილის ენა და უამრავი ბრალდება. სირცხვილია, რომ მე ვუჩივი თეატრს, მე მას უნდა ვცემდე თაყვანს, მე უნდა ვკოცნიდე სცენას. სცენა წმინდაა. რა სირცხვილია! რა სირცხვილია! რა სირცხვილია! მე ეს გავიგე იმდენჯერ... ასე რომ, ამ სიტუაციაში, მე უბრალოდ მაინტერესებს, პაველ უსტინოვი  ან ოლეგ სენცოვი რომ მოლდოვადან ყოფილიყვნენ, სენცოვისა და უსტინოვის თავისუფალი მოძრაობა მაინც მოხდებოდა?  
გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top