სიძულვილი ვერ უნდა გაბატონდეს

სიძულვილი ვერ უნდა გაბატონდეს

ჩვენ ვეშვებოდით შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სალოცავიდან, რომელიც გადაჰყურებს მუხრანის ხეობას, უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებას, სოფელ ციხისძირს. ჩვენ გვწყუროდა, როგორც ევკალიპტს და მე ძლიერ მინდოდა სიგარეტი. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე მაღაზიის სომეხმა მფლობელმა მოგვცა წყალი, მაგრამ ვერ მოგვცა სიგარეტი, რადგან ახლახან გაზრდილი ფასების გამო, სხვა სოფლის მაღაზიების მსგავსად, აქაც შეწყვიტეს სიგარეტის გაყიდვა.   

სიგარეტის ძებნისას, სხვა სოფლის მაღაზიაში, ჩვენ შევეჩეხეთ ადგილობრივებს. აქ იყო ნამდვილი კავკასია მთელი თავისი არსით: ჩემი მასპინძელი და გიდი, აზერბაიჯანელი ქართველი ესაუბრებოდა ქართულად ასირიელ ქალს; ასირიელი ქალბატონი მესაუბრებოდა მე აზერბაიჯანულად; მე, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანიდან, ვესაუბრებოდი რუს ბებოს რუსულად, ქართველმა მაღაზიის მფლობელმა კი, რომელსაც ესმოდა და საუბრობდა ყველა ენაზე, გადაწყვიტა არ ეთქვა არც ერთი სიტყვა, მაშინაც კი, როდესაც მომყიდა ერთი შეკვრა სიგარეტი.

ჩვენ, კავკასიაში შეიძლება ვერ ვისაუბროთ ერთ, ზუსტად ერთ ენაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვესმოდეს ერთმანეთის, შეგვიძლია გვქონდეს დიალოგი, გვქონდეს სავაჭრო ურთიერთობები  და ვიცხოვროთ ერთად. ეს არის ჩემ მიერ ახლად აღმოჩენილი სამოთხე დედამიწაზე და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფელი ციხისძირი. მაგრამ ნება მოგვეცით არ დავივიწყოთ, რომ ეს იდილია არის შუშასავით  მსხვრევადი. მერწმუნეთ, მე ვარ ბაქოდან, მე ვნახე საკუთარი თვალით თუ როგორ ჩამოინგრა მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური თანამეგობრობა სულ რაღაც რამდენიმე თვეში.

ისმაილი მიდის დასაძინებლად, ხელში უჭირავს სმარტფონი და სქროლავს Facebook-ის ტაიმლაინს, გაუთავებლად საუბრობს და ეძებს პოლიტიკურ სიახლეებს და დისკუსიებს, სანამ მისი ტვინი არ გაითიშება. ერთი შეხედვით, ეს ჰგავს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებას, მაგრამ ამ გზით, ისმაილი გამუდმებით ცდილობს დაამარცხოს დროის სარტყელი. ვირჯინიაში, სადაც ახლა ისამილი ცხოვრობს, ძილის დროა, მაგრამ ბაქოში ცხოვრება დუღს და პოლიტიკური კონტენტი Facebook-ზე პიკშია.

90-იანი წლების პოპულარულმა რადიოწამყვანმა ისმაილმა, ცოტა ხნის წინ, ხელახლა აღმოაჩინა თავი, როგორც ონლაინ მედიააქტივისტმა, როგორც ჩვენ მათ ბაქოში ვუწოდებთ, სადაც სულ უფრო მეტად ავტორიტარულმა მთავრობამ დიდი ხნის წინ დაიპყრო თითქმის ყველა სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. ისმაილის მსგავსად, აზერბაიჯანის თავისუფალ მედიაში სასიცოცხლო როლს ერთი მუჭა ადამიანები თამაშობენ, ავრცელებენ დაფარულ ინფორმაციას და ახმაურებენ გაუგონარ ამბებს.

ეს ონლაინ მედიააქტივისტები, პოლიტიკური კომენტირებისა და ინტერვიუების ტრანსლაციისთვის იყენებენ Youtube-სა და Facebook-ს, და აკეთებენ პირდაპირ ჩართვებს, რომლებშიც ისინი საუბრობენ ნაციონალურ პოლიტიკაზე, რომელიც დიდი ხნის წინ განიდევნა სატელევიზიო არხებიდან. ამ ონლაინ პროგრამებიდან ყველა არ არის მიუკერძოებელი და სამართლიანი, მაგრამ ისმაილი ცდილობს იყოს განსხვავებული. აქ მას ხელს უწყობს ჟურნალისტური გამოცდილება. ის თავდაპირველად ამოწმებს ფაქტებს, უკან სწევს საკუთარ ემოციებს, ყურადღებას ამახვილებს ენაზე და რჩება ყალბი სიახლეების სადარაჯოზე.

იყო Youtube-ის ვარსკვლავი, ძალიან დამღლელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ხარ, საუბრობ აზერბაიჯანულ პოლიტიკაზე და ცხოვრობ ამერიკაში. მაგრამ ისმაილისთვის, დროის სარტყელთან და მთავრობასთან ბრძოლა ბაქოში, მისი გამოწვევებიდან, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია.

ისმაილი, ასევე, არ მალავს, რომ არის გეი და ეს ჯერ კიდევ პრობლემაა კონსერვატიულ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

როდესაც ისმაილმა გადაწყვიტა გამხდარიყო აქტივისტი, განა მან არ იცოდა, რომ ის საკუთარ თავს ყველაზე საზარელი ჰომოფობიური სიძულვილის ენის სამიზნედ გახდიდა?

„მე ვიცოდი ეს პირველივე წუთიდან, მე ამას თავიდანვე ველოდი,“ - ამბობს ისმაილი წამყვანის უზადო ხმით, - „მაგრამ  ეს იყო ამბოხების აქტი. ეს იყო ჩემი აჯანყება.“

ისმაილის აჯანყება არა მხოლოდ საზოგადოებრივი სიკეთეა, ის ასევე დაგვიანებული პირადი ბრძოლაცაა. ის პირველი გახდა ჰომოფობიური შენიშვნების სამიზნე, როდესაც პოპულარობა მოიპოვა, როგორც რადიოწამყვანმა. ზოგიერთებმა დარეკეს კიდეც მის ლაივშოუში და შეურაცხყოფა მიაყენეს.

ისმაილმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გაქცეულიყო და 1997 წელს დატოვა აზერბაიჯანი, რათა მიეღო მაგისტრის ხარისხი. მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. ისმაილმა პირველად მიატოვა ბრძოლის ხაზი.

თექვსმეტი წლის შემდეგ, ოჯახურმა ვალდებულებებმა ისმაილი დააბრუნა უკან, აზერბაიჯანში და თითქოს გული შეუცვალეს. იქნებ მან საკუთარ თავს მისცა მეორე შანსი. მას აქ შეეძლო თავიდან დაეწყო საკუთარი ცხოვრების შენება და ბაქო გამხდარიყო ისევ მისი სახლი. მაგრამ შემდეგ მოხდა ტრაგედია, რამაც მთლიანად ამოაყირავა მისი ახლადშობილი ოცნებები.

2014 წლის 22 იანვარს აზერბაიჯანელმა ლგბტ აქტივისტმა ისა შაჰმარლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი ცისარტყელას დროშით ჩამოიხრჩო. სუიციდის Facebook ჩანაწერში ისა წერდა, რომ ეს ქვეყანა არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ ეზრუნა მის ფერებზე და რომ „თქვენ ყველა დამნაშავე ხართ ჩემს სიკვდილში“. ეს ინფორმაცია ქარიშხალივით მოედო მედიას, მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მაშინვე ქარცეცხლში გაატარა ჰომოფობიური სიულვილის ენა.    

ისმაილმა ეს პირადად იკისრა. მან მთელი ღამე გაატარა სოციალურ მედიაში ჰომოფობიური კომენტარებისთვის პასუხის გაცემაში, სიძულვილის გამღვივებელ ადამიანებთან დებატებში, საღი აზრისკენ მოწოდებაში. მეორე დილას მას ჰქონდა ნერვული აშლილობა და დაკარგა ხმა. ის იყო განადგურებული. მისი ოცნებები დასახლებულიყო უკან ბაქოში და დაეწყო ახალი ცხოვრება, ნამსხვრევებად იქცა. მან დატოვა აზერბაიჯანი იმავე კვირაში. ისმაილმა უკვე მეორედ მიატოვა ბრძოლის ხაზი.

ჩემი მასპინძელი და გიდი ციხისძირში - ელჩინი, არის აზერბაიჯანელი ქართველი და რამდენიმე თაობის მცხეთელი. მისი წინაპრები იყვნენ მუხრანის მთავრების სამსახურში, მშვიდობიან დროს უვლიდნენ პირუტყვს, ომის დროს კი ვენახებსა და საძოვრებს იცავდნენ. წმინდა გიორგის სალოცავიდან, ჩვენი ხანგრძლივი ხეტიალისას, ელჩინი საუბრობს მიმდინარე საქმეებზე. როგორც აზერბაიჯანული იდიომა ამბობს, მისი გული სავსეა. მისი ფილოლოგი მამა და ძმა, მეორე ფილოლოგი ოჯახში, მეტს საუბრობენ რაზიკაშვილსა და ჯავახიშვილზე, ვიდრე სააკაშვილსა და ივანიშვილზე. სწორედ აქ ვარ მეც, სრულყოფილი ზეციური საჩუქარია, მოისმინო მიწიერი საუბრები პოლიტიკაზე.

„იცი, რატომ ვუჭერ მხარს ღიად ლგბტ უფლებებს?“ -  მეკითხება ელჩინი რაღაც მომენტში.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასევე არ ვიცი, აქ როგორ ჩამოვედით. რა თქმა უნდა, არც ისე კომფორტული თემაა, როდესაც ორი კაცი მიხეტიალობს მთის ბილიკზე, ეკლესიისაკენ.

„იმიტომ რომ ყველა ავტორიტარი პოლიტიკოსი, რომელსაც სურს საზოგადოებაზე კონტროლი“, - ელჩინი განმარტავს, -„პირველ რიგში, თავს ესხმის ლგბტ თემს. ყველას სძულს ისინი. ისინი არიან მოწყვლადები, ასე რომ, პროცესი იწყება მათით და ხალხიც გულუბრყვილოდ მხარს უჭერს ამ ყველაფერს.

ელჩინის არგუმენტები არის ძალიან ნათელი, და ამავე დროს, ძლიერი. ეს არის აზრის სახეობა, რომელიც გაოცებას იწვევს მისი სიმარტივით, როდესაც საბოლოოდ მიაღწევ მას ფიქრის ხანგრძლივი პროცესის ბოლოს.

ეს, ასევე, არის დიდი საყვედური საჯარო ინტელექტუალების, ოპოზიციური პოლიტიკოსების და პროდემოკრატიული აქტივისტების მიმართ, რომლებიც დუმან ლგბტ უფლებების შესახებ და ხმამაღლა აგრძელებენ ჩუმად ყოფნას, როდესაც ირღვევა და იზღუდება ლგბტ თემის ძირითადი უფლებები.

ასე რომ, ბრძოლის ხაზი გადის ლგბტ უფლებების ველზე. სანგრების პირველი ხაზი ესაა. თუ თქვენ ვერ შეძლებთ დაიცვათ ის, გეშინიათ სიტყვის წარმოთქმის, ან უბრალოდ ვერ იტანთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ არ გგვანან, თქვენ განწირულები ხართ დაკარგოთ სხვა სანგრებიც. იფიქრო ცხოვრებაზე როგორც სანგრების ბრძოლაზე, უცნაურია, მაგრამ შეიძლება ეს არის უფრო რეალური სურათი.

ისმაილი იყო გაოცებული, მიუხედავად მისი ფსიქიკური მომზადებისა.

„მე ვფიქრობდი, რომ რადგან ვიყავი გეი, მე ვიქნებოდი სამიზნე უმეტესად მთავრობის მხარდამჭერებისათვის. ყოველივე ამის შემდეგ, ეს არის მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტად ვაკრიტიკებ“, - ამბობს ისმაილი, - „მაგრამ მე ვიყავი შოკირებული, როდესაც ვნახე, რომ თავს მესხმოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებიც, ხალხი, რომელთაც აშკარად აქვთ დემოკრატიული მისწრაფებები“.  

მას, სხვა ბინძურ სახელებთან ერთად, უწოდებდნენ „ამერიკელ ღორს“ და ეუბნებოდნენ, რომ მის მსგავს ადამიანებს ჩამოახრჩობდნენ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლებოდა. ხანდახან, ის იღებს უგუნურ კომენტარებს, მაგალითად, თუ რატომ არ ატარებს ქალის ტანსაცმელს, თუ ის გეია.

როგორც ადამიანი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებში გაატარა, ისმაილი თავისუფალი სიტყვის დამცველია, ის არ არის თავად სიძულვილის ენის წინააღმდეგი - თუ ეს ინდივიდუალური მოსაზრებაა. „ყველას არ უნდა მოვწონდე მე“, - ამბობს ის. პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანის მსგავსი სოციუმი არ არის თავისუფალი და იქ სიძულვილის ენა არ არის მათი პირადი მოსაზრება, თავისუფალი სიტყვის არარსებობის პირობებში, ის იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებს მთავრობა და ოპოზიცია. ეს არის საიმედო და გამოცდილი მექანიზმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საომრად.

„ხვალ, როდესაც აზერბაიჯანი პოლიტიკურად გაიხსნება და პოლიტიკური თავისუფლება გახდება შესაძლებელი,“ - ამბობს ისმაილი, - „სიძულვილის ენას შეუძლია დესტაბილიზაცია გაუწიოს მთელ საზოგადოებას, თუ ის ამისთვის მზად არ არის“.

ამიტომ, ახლა უნდა გაკეთდეს რაღაც და არა მხოლოდ სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის ჩახშობის გზით. ინტერნეტში სიძულვილის ენის გაწმენდის მცდელობები არ არის წამალი ისმაილის მიხედვით:

„სოციალური მედია არ ქმნის ან ამცირებს სიძულვილის ენას.  ის მხოლოდ აირეკლავს რეალობას. ის ამჟღავნებს საზოგადოებაში სიძულვილის არსებულ დონეს. თუ თქვენ აპირებთ  სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის ჩახშობას, ან ცენზურას საზოგადოებაში ბრძოლის გარეშე, ის უბრალოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და შედეგად გაიზრდება ტერორიზმი, როგორც ეს მოხდა თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებში, ამერიკაში.

სიძულვილის ენა არ შეიძლება იყო დასჯადი, ფიქრობს ისმაილი, რომელიც თავად არის ონლაინ სიძულვილის ენის დაუნდობელი სამიზნე.  სიძულვილის ენას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს განათლებამ,  ცნობიერების ამაღლებამ, საზოგადოებრივმა კამპანიებმა და დიალოგმა. მხოლოდ რეალური ძალისხმევით არის შესაძლებელი სიძულვილისა და სიძულვილის ენის ენერგეტიკის განეიტრალება. ასე ამბობს ისმაილი, რომელიც ისევ ფრონტის ხაზზეა დაბრუნებული.

საბჭოთა კავშირი დაინგრა არა სიძულვილის, ან სიძულვილის ენის გამო, არამედ სიძულვილმა ხელი შეუწყო მის დაშლას ყველაზე მახინჯი გზით. ეთნიკურმა ნაციონალიზმმა, რომელიც შემორჩენილი იყო კავშირის ბოლო წლებში, და მთელმა იმ სიძულვილმა, რაც სსრკ-მ მოიტანა, განსაკუთრებით გაანადგურა სამხრეთ კავკასია, მრავალეთნიკური საზოგადოებები, გააფუჭა და დააზიანა მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრება და დატოვა განუკურნებელი ჭრილობები ყველა ქვეყნის სოციალურ წყობაში.

ოცდაათი წლის შემდეგაც კი, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვეძლება გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ სიძულვილის დაუოკებელი ბატონობის პერიოდში. და ეს არ არის მოკრძალებული სინანული, რადგან მაშინ ჩვენ ვიყავით ერთდროულად მსხვერპლიც და დამნაშავეც.

ეს არის იდეალური მაგალითი, როგორ შეუძლია სიძულვილს და სიძულვილის ენას მთელი სოციუმის დესტაბილიზაცია, როდესაც დახურული სისტემის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად პოლიტიკურად გახსნილები ვხდებით.

ჯინები ამოშვებულნი არიან ბოთლებიდან, და გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მათი სურვილების ასრულებას ყოველთვის სასტიკი ფასი აქვს. 

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top