სიძულვილის ენა და სიახლეების შიში

მე ვარ ჩემს ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი, სომეხი პოეტი. იყო ცნობილი, არ ნიშნავს, რომ ვინც გიცნობს, მათთვის ყველასთვის ძვირფასი ხარ. უამრავ ადამიანს სძულს ჩემი ნაწერები  და თავიანთ ემოციებს გამოხატავენ საჯაროდ, მაშინ, როდესაც ვკითხულობ ჩემს ლექსებს ან ვაქვეყნებ მათ, მაგალითად, Facebook- ზე.

რატომ ბრაზდებიან ისინი? ძირითადად, მათ არ მოსწონთ ის ფორმები, რომლებსაც მე ვიყენებ, არ მოსწონთ ენა, რომლითაც ვწერ და ამბობენ, რომ ის არ არის პოეზიის შესაფერისი ენა და რასაც მე ვწერ, საერთოდ არ არის პოეზია. კარგი, მე შემიძლია ვუთხრა: თუ არ მოგწონთ ჩემი ლექსები, გთხოვთ, ნუ წაიკითხავთ მათ. რატომ ბრაზდებით ასე? მაგრამ, სინამდვილეში, მე მათი მესმის, რაღაც კუთხით მიხარია კიდეც, რომ ისინი პოეზიას აღიქვამენ იმდენად სერიოზულად, რომ ამის გამო ბრაზდებიან. მე მესმის, რატომ ბრაზდებიან ისინი - რადგან ფორმები და ენა, რომელთაც მე ვიყენებ, მათთვის ახალი და უცხოა. პოეზია კულტურის ნაწილია და კულტურა თავისი არსით არის კონსერვატიული. ადამიანთა უმეტესობას მოსწონს საგნები, რომლებიც ნაცნობია. თუ რაიმე უცხოდ გამოიყურება, მათთვის უცნაურია. უცნაური საგნები კი ხშირად იწვევს შიშსა და ეჭვს, და მათთან ერთად მოდის სიძულვილი.

ჩემი ტექსტი ასე იმიტომ არ დავიწყე, რომ მეთქვა, თითქოს სომხეთში პოეტები სიძულვილის ენის მთავარი მსხვერპლნი არიან - ეს ასე არ არის. მე, უბრალოდ, მინდოდა შემეხსენებინა სიძულვილის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი: თუ ხედავ რაღაც ახალს, ის გამოიყურება უცნაურად და შენთვის უცხოა, და თუ შენ ბუნებით, ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, ხარ კონსერვატორი, შეიძლება ის აღიქვა შენი მთავარი ღირებულებების, შენი კულტურის, შენი ქვეყნის საფრთხედ. და რადგან ეს ფსიქოლოგიური მექანიზმი მეტად ძლიერია, ის ძალიან მარტივად შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური ან სხვა მიზეზით - და ეს ამ ამბის მეორე მხარეა.

რამდენადაც მე ვიცი, სიძულვილის ენა დღეს სერიოზული საკითხია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით არც სომხეთია გამონაკლისი. ამჟამად, სომხეთში სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლგბტ პირები არიან. პრობლემა არსებობს, და რაც მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს, დღესდღეობით ამ თემით მანიპულირება ხდება ჯგუფების მიერ, რომელთაც სურთ დააბრუნონ სომხეთში 2018 წლის რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები. ეს საფრთხეს წარმოადგენს სომხური დემოკრატიისთვის და მე გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს - როგორ ვხედავ პრობლემას და რატომ ვარ ამ საკითხისადმი ოპტიმისტურად განწყობილი.

 

სომხეთი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, სადაც ჰომოსექსუალობა იყო კრიმინალიზებული  და ისჯებოდა ხუთ წლამდე მძიმე შრომით. დღესდღეობით, სომხეთში ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებულია, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს: სომხური საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ოდნავ უფრო ტოლერანტული გახდა, კვლავ ნეგატიურია. რატომ? რა არის ამის ძირითადი მიზეზები? როდესაც მე ვესაუბრები ხალხს ამ თემაზე, ხშირად მეუბნებიან: კარგი, არ მინდა ვინმეს სექსუალური ცხოვრების შესახებ ვიცოდე, უყვარდეთ მათ, ვინც სურთ, მაგრამ ამაზე საჯაროდ ნუ საუბრობენ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სექსი, - მე ვეუბნები, - ეს მათი ცხოვრებაა. გინდათ, რომ მათ მოიტყუონ თავიანთ ცხოვრებაზე? და ეს არის პასუხი, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის: მათ არ სჭირდებათ მოტყუება, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ, ამაზე საუბარი პროპაგანდაა, ეს ძირს უთხრის სომხური ოჯახის ფუნდამენტურ პრინციპებს, ეს ძირს უთხრის ოჯახურ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია. სწორედ აქ არის პრობლემის ბირთვი: ბევრი სომეხი ხედავს ლგბტ ადამიანებს, (რომელთაც სურთ საზოგადოებამ აღიაროს მათი უფლება არატრადიციული სექსუალური ქცევის შესახებ) როგორც საფრთხეს ოჯახური ღირებულებებისა. არის ეს საფრთხე ნამდვილი? არც ისე ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები. რა არის ოჯახი? ჩვეულებრივ, ეს არის დედა, მამა და მათი შვილები. ბავშვები იზრდებიან, მათი უმეტესობა ქორწინდება და ჰყავთ საკუთარი შვილები. რა მოხდება, თუ მათი ნაწილი არ დაქორწინდება? ეს არ არის დიდი პრობლემა, ზოგჯერ ასე ხდება. მაგრამ რა მოხდება, თუ მათი ნაწილი არ დაქორწინდება, იმიტომ რომ ის გეი ან ლესბოსელია? აი, აქ იწყება მშობლების ტრაგედია: იმისთვის, რომ მათ, თავიანთი შვილების გრძნობები გააცნობიერონ, მათთან ერთად უნდა განიხილონ სექსუალური საკითხები, რაც არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სომხურ ოჯახებში. გეები და ლესბოსელები ყველგან არსებობენ, ისინი სომხეთშიც იყვნენ, ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მათი არსებობა აქამდე მიჩუმათებული იყო. შემდეგ, მოულოდნელად მათ დაარღვიეს სიჩუმე, გახდნენ ხილულები, ისინი გახდნენ მთავარი დისკურსისა და დისკუსიის ნაწილი. ემუქრება ეს ფაქტი სომხური ოჯახების განადგურებას? მე ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ეს შეცვლის ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების პრაქტიკას.

ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ნებისმიერ საზოგადოებაში. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც სომხეთი სპარსეთის, რუსეთის ან ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, სომხებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სახელმწიფოებრიობა, ოჯახი არ იყო მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, ის ნამდვილად იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო ეროვნული თვითმყოფადობისა და მეხსიერების საფუძველი. საფუძვლები, როგორც მოგეხსენებათ, დახურული კონსტრუქციებია, მათი მთავარი ფუნქციაა კონსერვაცია, დაცვა და არა შეცვლა, ან განვითარება. მაგრამ ახლა სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ავაშენოთ ახალი სომხეთი, რაც გულისხმობს წინსვლას, განვითარებას და ცვლილებებს.

სომხეთში სიძულვილის ენის ძირითადი მომხმარებლები საკმაოდ მარგინალური საზოგადო მოღვაწეები და ჯგუფები არიან. ისინი არიან მარგინალურები, მაგრამ ამავე დროს ძალიან აგრესიულებიც, რადგან თავს მებრძოლებად მიიჩნევენ. ისინი იბრძვიან, - როგორც ფიქრობენ, ეროვნული თვითმყოფადობისა და ფასეულობების საფრთხის წინააღმდეგ. საიდან მოდის ეს საფრთხე? საფრთხე, როგორც ისინი აცხადებენ, მოდის დასავლეთიდან. და ეს ძალიან საინტერესო ფენომენია გასაანალიზებლად. საფრთხის შემცველი დასავლეთი - სომხური აზროვნების ისტორიაში, ასეთი ტრადიცია არ არსებობს. პირიქით: სომხები ქრისტიანულ ცივილიზაციას მიკუთვნებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ სულთნის, ან შაჰის უღლის ქვეშ. ამიტომ სომხები აღიქვამდნენ დასავლეთის ქვეყნებს, როგორც მათ შესაძლო მფარველებს და არა როგორც საფრთხეს. ამ შემთხვევაში, სად არის კონცეფცია, დასავლეთი როგორც საფრთხე? ის, ძირითადად რუსეთიდან მოდის, ის რუსული აზროვნების ტრადიციას მიეკუთვნება. გავიხსენოთ მე -19 საუკუნის სლავოფილები, რომლებმაც უარყვეს ინდივიდუალიზმი და რაციონალიზმი, როგორც დასავლური ფასეულობები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი გამოჩენილი რუსი მწერალი, მათ შორის ფიოდორ დოსტოევსკი, სლავოფილები იყვნენ. საბჭოთა პერიოდში ბევრი რამ განსხვავებულად იყო, მაგრამ ანტიდასავლური აზრი მაინც არსებობდა, როგორც კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. და სასაცილოა, როდესაც „დასავლური პერვერსიული ფასეულობების“ წინააღმდეგ მებრძოლი სომხები, თავს ნაციონალისტებად წარმოადგენენ, როგორც სომხური კულტურული ტრადიციების მიმდევრები, სინამდვილეში კი ისინი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, რუს სლავოფილებს, ანდა მათ თანამედროვე მიმდევრებს ასახიერებენ.

სომხეთში 2018 წელს მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია. ხშირად მას „ახალგაზრდების რევოლუციასაც“ უწოდებენ, რადგან ახალგაზრდების მამაცურმა და ინოვაციურმა საპროტესტო ფორმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებაში. ამ ახალგაზრდების უმეტესობა ახლა მთავრობის ნაწილია. სომხეთი გადავიდა ღრმა ცვლილებების ეტაპზე. ვფიქრობ, ახლოსაა ის დღე, როდესაც ცხოვრების ახალი გზები გახდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი და სომხეთში სიძულვილის ენა შეუძლებელი გახდება, რადგან ის ვერ იპოვის მსმენელს.

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top