ენით დაკოდილი პოსტმოდერნისტულ დროში

სიძულვილის ენა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ძალიან ხშირად ჩვენს ქვეყანაში (მათ შორის, ხელისუფლებაშიც კი) ეს საკითხი დისკუსიის საგანი ხდება. უბრალოდ, ხელისუფლებას ის ცენზურის იარაღად წარმოუდგენია.

საქმე ისაა, რომ სიძულვილის ენა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც ეხება რასას, სექსუალურ იდენტობას, შეზღუდულ შესაძლებლობას… ანუ იმ ყველაფერს, რასაც ადამიანი არ ირჩევს. ამავდროულად, ე.წ. ჰეითსფიჩის კლასიფიკაციაშია ისეთი ფაქტორიც, როგორიც რელიგიური კუთვნილებაა (რაც ადამიანის არჩევანია), მაგრამ ეს, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე რელიგიური იერარქი დაცულია „უსიამოვნო“ კრიტიკისგან (რაც მერე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად საღდება ხოლმე). 

გინება და შეურაცხყოფა, უმეტესად, ცუდი აღზრდის ნიშანია, მაგრამ ის ყოველთვის არ ნიშნავს სიძულვილის ენას. მაგალითად, ცუდი ხელისუფლების ლანძღვა (კარგი ხელისუფლებისაც) არ არის სიძულვილის ენა, არც ძალაუფლების სხვა ვერტიკალების ლანძღვა შეიძლება ასეთად მივიჩნიოთ. მაგრამ თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ილანძღება იმის გამო, რომ ის რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ან შშმ ჯგუფის წარმომადგენელია, ცხადია, ეს არის კლასიკური სიძულვილის ენა. ბუნებრივია, ძალიან მარტივ რამეზე გვიწევს საუბარი, ფაქტობრივად, ტრუიზმებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არაა. საქართველოს ხელისუფლება (პრეზიდენტიდან დაწყებული პარლამენტარებით დამთავრებული) ხშირად მანიპულირებს ამ თემით, თითქოს ვინმე მათ წინააღმდეგ სიძულვილის ენას იყენებს. სინამდვილეში კი, იგულისხმება უხეში (ხშირად ძალიან უსიამოვნოდ მოსასმენი) კრიტიკა, რაც ნამდვილად არ არის სიძულვილის ენა და კანონის ფარგლებშიც სრულად ჯდება. ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება და ეს არის ხარკი, რომელიც მან უნდა გაიღოს. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ დიქტატურა უნდა დაამყაროს და აღარ იქნება არანაირი უსიამოვნო კრიტიკა, რაც არ არის ყველაზე კარგი  სცენარი, ცხადია. 

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს არა ხელისუფლებების (ან ძალაუფლების მქონე სხვა ადამიანების) უხეში კრიტიკისგან გაქცევის მექანიზმად, არამედ სუსტების და ჩაგრულების კიდევ უფრო დაჩაგვრის თავიდან ასაცილებლად.

პროექტი „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სწორედ ამ საკითხის კვლევას ეძღვნება. მისი  მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) მწერლებმა გაგვიზიარონ თავიანთი ქვეყნების ან სულაც ინდივიდუალური გამოცდილებები სიძულვილის ენასთან მიმართებით, რათა შეიქმნას სადისკუსიო სივრცე, გავიგოთ, როგორ რეაგირებენ ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყანაში ამ კუთხით, როგორ ხვდება საზოგადოება ამ გამოწვევას და ა.შ.

იდეალური იქნებოდა ისეთი საზოგადოება, სადაც სიძულვილის ენა საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ რაკი არა იდეალურ, არამედ რეალურ (ზოგ შემთხვევაში, ჰიპერრეალურ) სამყაროში ვცხოვრობთ, მოგვიწევს ამ საკითხზე ლაპარაკიც და წერაც. 

სწორედ ამისთვის არის ეს პლატფორმაც.

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top