სიძულვილის ენა ქართულად

სიძულვილის ენა ქართულად

სიძულვილის ენის ერთი კონკრეტული, მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული განმარტება არ არსებობს.  ქართველებს გვაქვს პრეტენზია, რომ ევროპელები ვართ („მე ვარ ქართველი, ესე იგი, მე ვარ ევროპელი“, - ზურაბ ჟვანიას, ჩვენი განსვენებული პრემიერ-მინისტრის ინგლისურად წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა), ამიტომ ლოგიკური იქნება, თუკი ამ ცნების დეფინიციას მოვიყვანთ, რომელიც ევროპის საბჭომ 1997 წელს გამოაქვეყნა: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.

უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება სიძულვილის ენის ყველანაირი გახატულებებითაა აღსავსე  (მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება). პოლიტიკოსები იქნებიან თუ ხელოვანნი, ჟურნალისტები თუ რიგითი მოქალაქენი, სიძულვილის ენას ისე ხმარობენ, რომ უმეტესად ვერც კი აცნობიერებენ, თუ რას სჩადიან, - ანუ დანაშაულს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, სიძულვილის ენა ჩვენთან თავისუფალ ხმარებაშია.  რამდენად ევროპულია ეს  პრაქტიკა, თავად განსაჯეთ - ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება, ევროპული მიდგომის მიხედვით, უფრო მეტადაა შეზღუდული, ვიდრე, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. (ცივილეზებულ სამყაროში ამ საკითხისადმი ორგვარი მიდგომა არსებობს - ევროპული და ამერიკული).

XXI საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღშფოთების გამომწვევი შემთხვევები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალზე ხშირია და შეიძლება ითქვას, ჩვენი რეალობის ერთგვარ მახასიათებელსაც კი წარმოადგენს - ცხოვრება მუდმივად დუღილის ზღვარზეა და  პერიოდულად თავისი ჭურჭლიდან გადმოიქცევა ხოლმე. რა არის ამის მიზეზი - თუ მიზეზები - ეს ცალკე სამსჯელო თემაა, მაგრამ ჩემი ესეს კონტექსტში მარტივად ვიტყვი: ჩვენი მძიმე ისტორიული გამოცდილების მქონე ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული დრო ხელახლა „დასაღვინებლად“, უბრალოდ, არ ეყო - უდაბნოში ხეტიალი, თანაც მეგზურისა თუ წინამძღოლის გარეშე, არაფრის (ანუ რეალური, ხელშესახები შედეგის) მომტანი არაა, ჯერ-ჯერობით. ალბათ,  ორი, ან სულაც, სამი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ ასპარეზზე ჭეშმარიტად თავისუფალი, ფასეულობითად და ცნობიერად მართლაც ევროპელი, ყბადაღებული „სოვეტიკური“ მენტალობისგან სრულიად თავისუფალი ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომლებსაც ძვალ-სისხლში ექნებათ გამჯდარი - სიძულვილის ენის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, რადგან დანაშაულია, კრიმინალური ქმედებაა.

გლობალიზაციის და ინტერნეტის ეპოქაში ახალი თაობის ჩამოყალიბება უფრო თავისუფლად, უფრო იოლად, უფროსი თაობისგან უფრო დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ ქართველმა მწერლებმა, მჯერა, ამისდა მიუხედავად, შეიძლება მნიშვნელოვანად სასიკეთო გავლენა  მოახდინონ მოზარდებსა და ახალგაზრდებაზე, თუკი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურ, ზნეობრივ, დემოკრატიულ, ჰუმანისტურ პოზიციას დაიკავებენ. და შესაბამის ტექსტებსაც შექმნიან. ამ მხრივ, ჩვენს რეალობაში მიმდინარე პროცესებზე  ზემოქმედების, სიძულვილის ენასთან ბრძოლის, უფრო ზუსტად კი, ამ მოვლენის არსის გახსნა-განმარტების თვალსაზრისით ცალკეულმა მწერლებმა, და განსაკუთრებით, მწერალთა გაერთიანებამ, პენ-ცენტრმა, განსაკუთრებული როლი შეიძლება შეასრულოს.  მთავარია, ჩვენი მორალური პასუხისმგებობა გავაცნობიეროთ.

როდესაც მწერალი - ნამდვილი მწერალი, ანუ ადამიანი, ვისთვისაც წერა, საკუთარი ნაფიქრისა და განცდილის გარეთ გამოტანა, ქაღალდზე ან მონიტორის ეკრანზე ფიქსაცია, ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს - რაღაც მოვლენას უპირისპირდება, ხმამაღლა ეწინააღმდეგება, ამის მიზეზი, როგორც წესი, ერთია: ამ რაღაც კონკრეტულმა მოვლენამ თუ ფაქტმა ისე აღაშფოთა, რომ ვეღარ ითმენს, ვეღარ ეგუება, დუმილს ვეღარ ინარჩუნებს, წონასწორობას კარგავს და თავის პრონციპულ პოზიციას ემოციურად გამოხატავს. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მემართება ხოლმე. თუმცა იმასაც კარგად ვხვდები, რომ განზოგადება თუ უტრირება სწორი არ იქნება - მწერლის რეაქცია საზოგადოებრივ მოვლენაზე ყოველთვის ინდივიდუალურია და განუმეორებელი, მაშინაც კი, როდესაც საყოველთაო აღშფოთების ისეთ წერტილს აღწევს, რომ საპროტესტო ღია წერილადაც კი გარდაიქმნება, სოლიდარობისა და სპონტანური თვითორგანიზების საფუძველზე, - რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე...

ასეთი, საყოველთაო აღშფოთების გამომწვევი შემთხვევებიდან მინდა დავასახელო ამას წინათ მომხდარი სამი მოვლენა - კულტურის სამინისტროს მიერ „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ ერთ ორგანიზაციად გაერთიანება, ანუ, სინამდვილეში გაუქმება და ამ გზით, მწერლების დასჯა, ე.წ. „გავრილოვის ღამე“, როდესაც რუსული დუმის დეპუტატი, კომუნისტი და მართლმადიდებელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, რამაც ქალაქში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, მთავრობამ კი აქციის დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც უამრავი ახალგაზრდა დაშავდა, და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პროგრამის წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი, როდესაც მან რუსეთის პრეზიდენტსა და ავტორიტარ მმართველს, პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩამოთვლილთაგან მესამე შემთხვევა ყველაზე უმნიშვნელოა, მაგრამ, ამავე დროს, სიძულვილის ენის გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე აშკარა, მძაფრ და აღმაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს.

ამ შემთხვევაზე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა. მონოლოგის ტექსტი, რომელიც გაბუნიამ რუსულ ენაზე წაიკითხა, იმდენად უხამსი, იმდენად ბილწი, იმდენად დამამცირებელია, რომ ყოველგვარ წარმოსადგენ ზღვარს სცდება. სინამდვილეში, ამ „ესკაპადით“ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა იმდენად პუტინს კი არა, არამედ თავის თავს, თავის ტელეკომპანიას და თავის ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იკადრა უკადრებელი - სრულიად მიუღებელ კონტექსტში მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედა... 

გაბუნიას გამოსვლას მრავალგვარი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ მხოლოდ ერთ გამოხმაურებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ის ქართველს კი არ ეკუთვნს, არამედ ბელორუსული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეს, რადიჟურნალისტსა და მწერალს ტატიანა მონტიკს, რომელიც საქართველოში მეცხრე წელია ცხოვრობს და კარგად გვიცნობს. თავის ბლოგში (www.montik.de) იგი წერს:

„ამას წინანდელმა შემთხვევამ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა, საქართველოს მცხოვრებთა გაშმაგებული პროტესტი გამოიწვია, მათ შორის პუტინის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგენიც კი აღმოჩნდნენ. საქმე ისაა, რომ უტიფრობამ და მკრეხელობამ ადამიანებს აიძულათ ეგრძნოთ, საოცრად შეურაცხყოფილია... მათი საკუთარი ღირსება. ქართველებისთვის წინაპრების ხსოვნისადმი უპატივცემლობა - უმძიმეს ცოდვათაგან ერთ-ერთია. შემთხვევითია არაა, რომ ქართულ სუფრაზე წინაპრების სადღეგრძელო ერთ-ერთი პირველი ისმევა. წინაპართა ხსოვნა ქართველებისთვის - წმიდათა წმიდაა“.

ეს ციტატა იმიტომ მოვიყვანე, რომ ტატიანა მონტიკმა ახსენა ჩვენი საკუთარი ღირსება, რომელიც ჩვენვე შევურაცხვყავით. ღირსება, თუ ღირსების ნატამალი, რომელიც თურმე ჯერ კიდევ  შემოგვრჩა ქართველებს, გულწრფელად აღშფოთდა და იფეთქა. 

აღმოჩნდა, რომ ყველაფერს, ყველანაირ საძაგლობას, მადლობა ღმერთს, ვერ ვეგუებით.

ეს შემთხვევა კიდევ იმითიცაა აღსანიშნავი, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ენის ხმარებასა და დაშვება-დაუშვებლობაზე თავისთავად დაიწყო ფართო დისკუსია. რეზონანსი და ემოციური რეაქცია იმდენად დიდი იყო, რომ თვით  „რუსთავი 2“-ც კი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა და გაბუნია „დაესაჯა“ - ორი თვით აუკრძალა გადაცემის წაყვანა.

ამ მონოლოგს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ იმავე დღეს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას და აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას.

კონკრეტულად რა მიზნის მიღწევას ცდილობდნენ ამ მონოლოგით მისი ავტორი (თუ ავტორები), ახლა „მკითხაობას“ არ დავიწყებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ პუტინს მისცა საშუალება, კეთილშობილ და სულგრძელ პოლიტიკოსად გამოჩენილიყო (!) - რაც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეესაბამება რეალობას. როდესაც რუსეთის დუმის გაავებული, პირზე დუჟმომდგარი დეპუტატები საქართველოს სამაგალითო დასჯას, სანქციების შემოღებას და გაბუნიას რუსეთში ექსტრადიციას მოითხოვდნენ, პუტინმა მოულოდნელად „დიდსულოვნება“ გამოიჩინა და განაცხადა: გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ტელეჟურნალისთვისთვის „დიდ პატივად“ აფასებს. საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით კი, სანქციების შემოღება მხარს არ უჭერს - „მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო"-ო…

ნავალნიმ, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სხვათა შორის, თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუკი ამ მონოლოგისთვის კრემლმა გაბუნია ორდენით დააჯილდოვა საიდუმლოდ...

ერთი სიტყვით, „რუსთავი2“-მა, ტელეკომპანიამ, რომელსაც ქართულ მედიაში პროდასავლური ფლაგმანის რეპუტაციით სარგებლობს, სრულიად არაევროპული, დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელი ქმედება ჩაიდინა. ერთი მხრივ, საქართველო დაამცირა და შეარცხვინა, მეორე მხრივ, პუტინის წიქსვილზე დაასხა წყალი. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ,  რა გავლენას ახდენს ასეთი გადაცემა ბავშვებზე, მოზარდებზე, ახალ თაობაზე?  ხომ არ უჩნდებათ განცდა, რომ ევროპაში ყველაფერი მოსულა, რადგან ასეთ რაღაცას სხვა კი არა, არამედ  „რუსთავი2“ აკეთებს?

თუ ჩვენ, ქართველ მწერლებს  ცივილიზებული, ევროპული ქვეყნის აშენება გვინდა, ურთიერთობის - თუნდაც მტერთან და ოკუპანტთან ურთიერთობის - ეთიკურ ნორმები უნდა გავაცნობიეროთ და ახალ თაობას ვაჩვენოთ. სიტყვით კი არ ავუხსნათ მხოლოდ, არამედ, სწორედაც, საქმით ვაჩვენოთ, - საკუთარ მაგალითზე, ჩვენი მოქმედებით. სიძულვილის ენასთან ბრძოლით და დაპირისპირებით.  სიძულვილის ენის უარყოფით და არგამოყენებით. ცივილიზებულად და კულტურულად.

ჩემი აზრით, საშუალო სკოლაში, უფროსკლასელებისთვის უნდა შემოვიღოთ სპეცკურსი ტოლერანტული და სიძულვილის ენის შესახებ - უნდა შედგეს პროგრამა, დაიწეროს დამხმარე სახელმძღვანელო (თორმეტიოდე წლის წინათ Save the Children-ის და „ტელეიმედის“ ერთობლივ პროექტში ვმონაწილეობდი ერთ-ერთ სცენარისტად - მულტსერიალ „ჩვენი ეზოს ამბებით“ ბავშვებს ვაცნობდით ტოლერანტობის ანა-ბანას). ერთი სიტყვით, მწერლებმა, ქართულმა პენ-ცენტრმა ამ მიმართულებით ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ და აქტიურად ვიუშაოთ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად.

სიძულვილის ენას ქართველი მწერლები ახალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილით შეიძლება რეალურად, ქმედითად დავუპირისპირდეთ და შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ჩვენი ქვეყანა მართლა ევროპის ნაწილად იქცეს ადრე თუ გვიან...

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top